პროექტის "პროფესიას არ აქვს გენდერი" გამარჯვებულებმა Front-End Development-ის კურსი დაასრულეს - კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებები

რამდენიმე თვის წინ, ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC“-მა, სმარტ აკადემიის ჩართულობით, განახორციელა პროექტი „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის მიზანი ქალთა განათლების გზით ეკონომიკური გაძლიერების პრეცედენტის შექმნაა. კონკურსში 180 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგან 5-ს, საუკეთესო შედეგებით, სმარტ აკადემიაში 6-თვიანი განათლება დაუფინანსდა. გამარჯვებულებმა Front-End Development-ის კურსი უკვე დახურეს. მათგან ორმა - ალინა ბრეგვაძემ და ჟანა ქისტაურმა უმაღლესი ქულები აიღეს. ისინი დღეს მზად არიან, შთაბეჭდილებები გაგვიზიარონ:
ალინა ბრეგვაძე:
თავიდან, როცა ამ პროფესიის შესწავლა დავიწყე, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მეც შევძლებდი ისეთივე ვებგვერდის აწყობას, როგორიც მომწონდა, თუმცა სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ოდესმე ამის გაკეთებას თავადაც შევძლებდი. ყოველი ლექციის შემდეგ ვხედავდი, თუ როგორ იზრდებოდა ჩემი ცოდნა. თავიდან „მარქაპის“ სწავლითა და საიტის ვიზუალის აწყობით დავიწყეთ, შემდეგ „ჯავასკრიპტზე“ გადავედით. ეს ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო - პროგრამული ენის შესწავლა, ცოტათი რთული აღმოჩნდა, მაგრამ სირთულესთან ერთად, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.
სწავლის პროცესი მაქსიმალურად მორგებული იყო სტუდენტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში აკადემია სტუდენტების აზრს ითვალისწინებდა. ლექტორები ლექციისას ჩვენთვის მაქსიმალურად გასაგებად ხსნიდნენ მასალას, სტუდენტების უმრავლესობისთვის ეს პროფესია უცხო იყო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანის ცოდნა კურსის ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ლექტორებთან ურთიერთობა მხოლოდ სალექციო დროით არ შემოიფარგლებოდა, კითხვების შემთხვევაში შეგვეძლო მათთვის თავისუფლად მიგვემართა. კურსი 99.5 ქულით დავხურე და ჩემი შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ. საბოლოო პროექტზე მუშაობისას, ფაქტობრივად, მთელი კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა უნდა გამოგვეყენებინა. პროცესში, როცა ნათლად ხედავ თუ როგორ იზრდება და ვითარდება ის ვებგვერდი, რომლის აწყობაზეც მუშაობ, დამატებით სტიმულს გაძლევს, მაქსიმალურად დახარჯვისკენ გიბიძგებს. როცა უბრალო თეთრი გვერდიდან, საბოლოოდ თითქმის სრულყოფილ საიტს იღებ, წარმოუდგენელია შენც კმაყოფილი არ დარჩე, საკუთარი შრომის შედეგს, პირდაპირი მნიშვნელობით, შენივე თვალით ხედავ.
სმარტ აკადემიამ ჩემთვის გზა გააღო ტექნოლოგიების სფეროსკენ. გავიცანი სფეროს წარმომადგენლები, საინტერესო ადამიანები, შევიძინე ჩემთვის მნიშვნელოვანი უნარები და დავეუფლე ახალ პროფესიას.
ჟანა ქისტაური:
„თავიდანვე ვიცოდი, რომ პროგრამირების სწავლა აზროვნებას და დღის წესრიგს მთლიანად შემიცვლიდა, თუმცა არ ველოდი, რომ ეს საქმე ასე ძალიან შემიყვარდებოდა. ვებ-დეველოპმენტი და ზოგადად პროგრამირება არის ის მიმართულება, სადაც ვიცი, დიდი მომავალი მაქვს, რადგან ეს ის საქმეა, რომელსაც შემიძლია, საათები დავუთმო და არ მომწყინდეს.
სანამ კურსზე მოვხვდებოდი, ინფორმაციას ჩემით ვეცნობოდი. დამოუკიდებლად სწავლა კარგია, მაგრამ არის ბევრი ნიუანსი, რომელთაც მენტორის არყოლისას ეჩეხები. სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება მესწავლა საუკეთესო ლექტორებთან და მემუშავა საინტერესო პროექტებზე. გუნდი იყო ჩემი უდიდესი მხარდამჭერი. ისინი მუდამ მზად იყვნენ დამხმარებოდნენ, ეს კი რთულ პერიოდებში სტიმულს მაძლევდა გამეგრძელებინა სწავლა და არ დავნებებულიყავი. ვფიქრობ, ცოდნასთან ერთად მეგობრებიც შევიძინე.
ლექტორები ახალ მასალას ყოველთვის დეტალურად გვიხსნიდნენ და გვაძლევდნენ საინტერესო დავალებებს. გვქონდა ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები. სწავლის პროცესი იყო რთული, მაგრამ პოზიტიური გარემო დაღლასაც გვავიწყებდა, ხოლმე. სწავლის პროცესს ლექტორების მუდმივი მზადყოფნა და სმარტ აკადემიის გუნდის სწრაფი უკუკავშირი კიდევ უფრო გვიმარტივებდა. ლექტორების ხუმრობები და მასალის ახსნის თანამედროვე მიდგომები, სასწავლო პროცესს პოზიტიურსა და საინტერესოს ხდიდა. გვასწავლიდნენ არა მარტო ტექნოლოგიას, არამედ გვიყვებოდნენ იმ გარემოებების შესახებაც, რომელიც რეალური პროექტების კეთებისას შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ეს ყველაფერი ლექციების პროცესს მრავალფეროვანს ხდიდა, გვამზადებდა რეალური სამუშაო გარემოსთვის და გვზრდიდა დეველოპერებად, რომლებსაც შეეძლებოდათ ამოცანის ხარისხიანად შესრულება, როგორც ინდივიდუალური მუშაობისას, ისე გუნდთან ერთად.
კურსზე 100-დან 98,8 ქულა დავაგროვე, რაც რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი. ყოველი ლექციის შემდეგ გვქონდა დავალებები და პროექტები. ხშირად, გვიან, ღამის 2-3 საათამდე მიწევდა დავალებების კეთება და „ბაგების“ გასწორება. ეს ძალიან დამღლელი, მაგრამ ამავე დროს, სასიამოვნო იყო. კოდის წერისას ვკარგავდი დროის შეგრძნებას და ხშირად საათები გადაბმულად ვმუშაობდი.
რთული პროექტები გვქონდა, თუმცა შინაარსი ზუსტად შეესაბამებოდა ლექტორების ახსნილს. ამის მიუხედავად, როცა დრო მქონდა, მინიმუმ ორჯერ ვუყურებდი ლექციის ჩანაწერებს, რათა ტერმინოლოგია მესწავლა და თეორიული ნაწილი კარგად გამეაზრებინა.
ვაპირებ, სწავლა გავაგრძელო და გავხდე full stack ვებ-დეველოპერი. აგრეთვე, ვგეგმავ სტაჟირების გავლას ან junior დეველოპერად დასაქმებას, რათა სწავლასთან ერთად, პროექტებზე მუშაობის გამოცდილებაც დავაგროვო.
ჩვენს პროფესიაში მთავარია პრაქტიკა და ახალი ტექნოლოგიების სწავლა. IT და პროგრამირება ის პროფესია არაა, რასაც ერთხელ ისწავლი და შემდეგ გაჩერდები. ძალიან მოკლე პერიოდში იცვლება ტექნოლოგიები, იხვეწება და ვითარდება. ამიტომ თუ გვინდა ჩვენს საქმეში წარმატებული ვიყოთ, ცვლილებებს ფეხი უნდა ავუწყოთ.